ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შესახებ ფილმს აღარ გადაიღებენ

იტალიელი დიზაინერი ჯანი ვერსაჩეს ცხოვრება და გარდაცვალება ყოველთვის სახელდებოდა იმ თემებს შორის, რომლის გადმოტანაც ეკრანზე ძალიან საინტერესო და სანახაობრივი იქნებოდა.

პირველად, ამ ისტორიის ეკრანზე გადმოტანაზე, საუბარი 2015 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა ბილი აუგუსტმა გადაწყვიტა ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი ჯანი ვერსაჩედ გადაექცია და დიზაინერის სასტიკი მკვლელობის შესახებ ფილმი გადაეღო.

თუმცა გასული წლის შემოდგომას ასპარეზზე ვერსაჩეს შესახებ კიდევ ერთი პროექტი გამოვიდა, ამჯერად რაიან მერფი გეგმავდა სატელევიზიო სერიალად გადაეღო ისტორია, რომელმაც 1997 წელს მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

რაიან მერფიმ შოუში ნამდვილი თანავარსკვლავედი მიიწვია, მაგალითად ედგარ რამირეში ჯანის, რიკი მარტინი მისი ბოიფრენდის ანტონიო დამიჩიოს, დარენ კრისი ვერსაჩეს მკვლელის ანდრიუ კუნანის როლზე და პენელოპე კრუზი დონატელა ვერსაჩეს როლზე.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბილი აუგუსტმა უარი თქვა მხატვრული ფილმის გადაღებაზე, ამის მიზეზი კი სწორედ ეს სერიალი გახდა.

“ბილს შევხვდი კანის კინოფესტივალზე და ჩვენს სამომავლო ფილმზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ მისი პერსპექტივა და გავაანალიზეთ ისიც, რომ მთავარ როლს სერიალში ჩემი მეგობარი პენელოპე კრუზი ასრულებს, შემდეგ ორივემ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ეს უკანასკნელი გახდა იმის მიზეზი, რომ ვერსაჩეზე ფილმი აღარ გადაგვეღო და ასპარეზი სატელევიზიო სერიალისთვის დაგვეთმო”, ამბობს ანტონიო ბანდერასი.

აქვე აღნიშნა, რომ აუცილებლად ნახავდა სერიალს.

“პენელოპე არაჩვეულებრივი მსახიობია, მე დონატელას პირადადაც ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ მის როლს არაჩვეულებრივად შეასრულებს პენელოპე. აუცილებლად ვნახავ სერიალს”, თქვა ბანდერასმა.

1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე პრესის საყიდლად გავიდა, სახლში დაბრუნებისას კი მას თავს ენდრიუ კუნინი დაესხა და მოკლა, თავად ენდრიუმ კი იმავე იარაღით მოიკლა თავი.

მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ რომ მკვლელობა კალაბრიის მაფიოზურმა ორგანიზაციამ შეუკვეთა, რომელმაც ძალიან ბევრი ფული იშოვა ვერსაჩეს ბრენდის ყალბი სამკაულების დამზადებით. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯანიმ სერიოზული ომი გამოუცხადა ამ კრიმინალურ ორგანიზაციას.

ტრაგიკული ამბის შემდეგ სამოდელო სახლს სათავეში დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა და მოახერხა, რომ ბრენდის წარმატება შეენარჩუნებინა.


,

გაზიარებულია